შიდა ქართლში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებელისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
25 სექტემბერი 2021
გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებულ ვაქცინაციის ღონისძიებებს გორსა და ხაშურში ადგილობრივი პედაგოგები და საჯარო სკოლებში მომუშავე პირები შეუერთდნენ. შეხვედრები შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა.
ვაქცინაციამდე ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა შეკრებილებს რიგ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, როგორიცაა კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები, იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში, ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.
საინფორმაციო შეხვედრებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი, სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უძღებოდნენ. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.
2021 წლის მაისიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 20-მდე შეხვედრა ჩაატარა თემის ლიდერებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. ერთობლივი ინტერვენციების შედეგად, 2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9 პროცენტიდან 46 პროცენტამდე გაიზარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფის ინფორმირებას, როგორიცაა მასწავლებლები და მათ ჩართვას ვაქცინაციის პროცესში.