გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა
30 სექტემბერი 2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობის ექნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიება ჩატარდება და სტუდენტურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
ღონისძიების ფარგლებში გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის წიგნის „სამაჩაბლოს ისტორია შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია“ (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისები უკვე მოწყობილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის კონკურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განხორციელდეს სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.