გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა.
ლევან დავითაშვილი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სარწყავი სისტემის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუისის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30 წლიანი პრობლემა გადაწყდა და ის ტერიტორიები, რომელთა მორწყვაც ათეულობით წელი რთული იყო, დღეს უკვე წყლით უზრუნველყოფილია.
რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, აღდგა სადაწნეო მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები, რაც ტაშისკარისა და ზედა რუს მაგისტრალურ არხებში წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება და 2000-ზე მეტი ბენეფიციარის სარწყავი წყლით დაკმაყოფილება მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ” გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა.