Logo

კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

03 დეკემბერი 2021

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად დღეს გახსნა.
ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აწვდის. ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.
დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში – ფუნქციონირებს.