Logo

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

25 მარტი 2022

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით “აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით შიდა ქართლის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მეწარმეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ღოღობერიძემ გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაესწრო. ,,მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად იაქტიურონ და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა. ეს ხელს შეუწყობს ისე რეგიონის განვითარებას და ასევე, სამუშაო ადგილების შექმნას“ - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს - კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.