შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე მუნიციპალიტეტის მერებთან და მერების მოადგილეებთან ერთად ,,მერსი ქორფსის“ (Mercy Corps Georgia) წარმომადგნელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტი - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) განიხილეს. პროექტი საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, კასპის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს. ვალერიან მჭედლიძის თქმით, საჯარო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის განვითარების მიზნით საჭირო და მნიშვნელოვანია. ,,ყოველი ახალი პროექტი საშუალებას იძლევა ხელი შეეწყოს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას, პროფესიული უნარების ამაღლებას და ამ კონკრეტული პროექტის მაგალითზე, მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია რეგიონის განვითარებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთობლივი ძალებით მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტი ხელს შეუწყობს მინიმუმ 1,500 ახალგაზრდის მხარდაჭერას, განავითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50 მდგრადი, ახალი და/ან არსებული, ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო.