Logo

კასპის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

03 ივნისი 2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე და საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.
 
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას. საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომში არის დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.
 
მემორანდუმს ხელი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა მოაწერეს.
 
ღონისძიების დასასრულს კი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცეს.