Logo

სიმონ გულედანი სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივლისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა სამხარეო ადმინისტრაციაში ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს ონდრეი ლუნტერს უმასპინძლა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსისა“ და სლოვაკეთის რესპუბლიკის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც მხარეებმა როგორც შიდა ქართლის, ისე ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის სპეციფიკაზე ისაუბრეს. სიმონ გულედანმა სტუმრებს რეგიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რომელიც შიდა ქართლის რეგიონშია განვითარებული. გარდა ამისა, ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ხაზი გაუსვა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერების მნიშვნელობას. ონდრეი ლუნტერმა, თავის მხრივ ბანსკა-ბისტრიცას რეგიონის შესახებ ისაუბრა და მისი თქმით, მზადაა სხვადასხვა სფეროების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რა დროსაც საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების, მწვანე ინოვაციების დანერგვის, სოციალური მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
 
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალების და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.