სიმონ გულედანი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრის საჯარო ლექციას დაესწრო
09 აგვისტო 2022
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო ლექციას - სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ დაესწრნენ.
იუსტიციის მინისტრისა და მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან აგვისტოს ომს მიეძღვნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.
გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგინა 15 მოწმე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, მათ შორის, შვილმკვდარი დედები. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცები, სამხედროები, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს; დაზარალებულები, რომლებმაც, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენებები; და სახელმწიფო ერთად არის ის ძალა, რომელმაც სტრასბურგში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება შეძლო.
იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა. საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.
იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.