Logo

ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ

03 სექტემბერი 2022

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
 
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა წარმოადგენდა.
 
როგორც თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები.
 
„გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები და რა თქმა უნდა, ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დავხმარებოდით ომის შედეგად დაზარალებულ ზარდიაანთკარის მოსახლეობას, გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები და მათ საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდეს სრული რეაბილიტაცია. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა, დამუშავდა პროექტები, ჩაუტარდა ექპერტიზა ასაშენებელ და სარეაბილიტაციო 28-ვე საცხოვრებე სახლს. ასევე, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვაც. დღეს უკვე შევხვდით მოსახლეობას, რათა გავაცნოთ პროექტის რა ეტაპზე ვართ და ასევე ვუთხრათ, თუ რას ვაპირებთ. კერძოდ, ვგეგმავთ ტენდერის გამოცხადებას უახლოეს მომავალში, რომ შევუდგეთ უკვე უშუალოდ სამშენებლო პროცესს.“- განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.