პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა მორიგი რეგიონული შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში გამართეს. შეხვედრა ქალაქ გორში, გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი დაესწრო. ასევე, შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ.
ლელა ჯანაშვილმა შეკრებილებთან სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, გეგმებზე, გამოწვევებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და მათთან არსებულ გამოწვევებზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა. სამსახურის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს. გარდა ამისა, განიხილეს კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები.