Logo

კასპის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია გრძელდება

10 სექტემბერი 2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 779 899 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები და შენობის ცენტრალური შესასვლელის კარი, გამოიცვალა კომუნიკაციები და გაყვანილობა, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, შეიღება ფასადი. შენობის მეორე სართულზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს პირველი სართულის მოწყობა, იატაკის დაგება და სამღებრო სამუშაოები. დაგეგმილია საბავშო ბაღის ეზოს მოწყობაც.
 
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პატარებს საბავშვო ბაღში უსაფრთხო და კეთილმოწყობილი პირობები ჰქონდეთ. შესაბამისად როგორც კასპის მუნიციპალიტეტში, ისე სრულიად რეგიონში აქტიურად ვახორციელებთ სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას. დღეს ზემო ხანდაკის საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანით. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, განახლებული შენობა კი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს."- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.