Logo

მიხეილ შაყულაშვილი მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

22 სექტემბერი 2022

მიხეილ შაყულაშვილი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ დაესწრო
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. მან საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.
 
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილთან ერთად რეგიონების რწმუნებულები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.
 
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.