შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპში კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ამჟამად ქალაქ კასპში კოსტავას ქუჩისა და მისი მიმდებარე ქუჩების - ცხრა ძმის, მაზნიაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება საავტომობილო სავალი ნაწილი, საფეხმავლო სივრცეები და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. რეგიონის რწმუნებულის თქმით, აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში გადაადგილებას.