შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან და ავსტრიელ პარლამენტარებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში იმყოფებოდა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO)-სა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADA) მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და ბენეფიციარებს გაეცნო.
სოფელ ატენში განხორციელებული პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია სტუმრებს FAO-ს პროექტის მენეჯერმა ბექა ძაძამიამ გააცნო და შედეგებიც შეაჯამა. პროექტის ფარგლებში სოფელ ატენში ადგილობრივი ბავშვებისთვის საცეკვაო დარბაზი მოეწყო, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, ასევე სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელში მდებარე ამბულატორია, განხორციელდა როგორც ინდივიდუალური, ისე სათემო პროექტები. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა პროექტის ბენეფიციარის მარანი მოინახულეს და ადგილობრივი წარმოების ღვინოები დააგემოვნეს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შიდა ქართლის რეგიონში, ატენისა და ფლევის თემებში სოფლის განვითარების მიზნით საპილოტე პროექტები განახორციელა. საგრანტო პროექტების ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ წარმოება და ასევე, ესარგებლათ სათემო პროექტებით.