საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში ,,თბილისობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებმა ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები წარმოადგინეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა. ,,თბილისობას“ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურია დაესწრნენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა მოადგილესთან აბელ აბესაძესთან ერთად მინისტრსა და სხვა სტუმრებს შიდა ქართლის კუთხეში უმასპინძლა და რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ადგილობრივი ღვინო გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ანსამბლ “მართვეს” შესრულებით გაიხსნა და შემდეგ, სცენა სხვადასხვა კუთხის ანსამბლებს დაეთმო.