USAID-ი შიდა ქართლის რეგიონში ძლიერი სოფლის პროგრამას იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის პრეზენტაციას USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით ერინ მაქიი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონ ლარს შეადგენს. USAID-ის დაფინანსება გააძლიერებს 90-ზე მეტ თემს. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა გამოსცადოს თავი ყველა სექტორში, დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების პოვნაში, ასევე, საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში.
,, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. შიდა ქართლის რეგიონს USAID-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი და მოსახლეობის ინტერესებზე გათვლილი პროექტი განხორციელებულა. აქამდე განხორციელებული პროექტები მოიცავდა როგორც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, ისე მეწარეობის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას თქვენს მიმართ. ვიმედოვნებ, პროექტი რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას და ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა მზად ვართ პროექტის განხორცელების პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.