გორში კონფერენცია სახელწოდებით - "ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება და გამოწვევები" გაიმართა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო და შეკრებილ მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ,, სამხარეო ადმინისტრაცია და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. ორგანიზაცია ,,ქართლოსთან“ უკვე გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება და ამ პროექტის ფარგლებშიც ანალოგიურად, მჭიდროდ ვპარტნიორობთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და საერთო პროექტების განხორციელება. ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილებების გაზიარება ჩვენთვის დროული და აუცილებელია. როგორც იცით, შიდა ქართლის რეგიონის, ისევე როგორ მთელი ქვეყნის, უმთავრესი გამოწვევა ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზია. ეს პროექტი სწორედ საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია ,,ქართლოსს“ და რა თქმა უნდა, სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და არაერთ ერთობლივ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ.“
კონფერენციაში მონაწილეობა სამხარეო ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ადგილობრივებმა, მეწარმეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა - ქალები და ახალგაზრდები ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ თემებში, როგორია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების სასოფლო სამეურნეო და ინფრასტრუქტურული საჭიროებები?, ადგილობრივი ცნობადობის, რეგიონალური ბრენდირების და აგროტურიზმის გაფართოება, ადმინისტრაციული საზღვრის თემების უსაფრთხოების ასპექტები და გამოწვევები და გარემოსდაცვითი საკითხები და მწვანე ინოვაციების დანერგვის პოტენციალი. გარდა ამისა, პროექტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. ვიშეგრადის ქვეყნების (სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ექსპერტებმა შეკრებილებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. თავის მხრივ, ადგილობრივმა გამომსვლელებმა რეგიონში მათი საქმიანობის, გამოწვევებისა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენცია SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ და MESA10-ისა და მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.