მიხეილ შაყულაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო
03 დეკემბერი 2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი დაესწრო. შეხვედრას, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდა, რომელიც აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამების საკონკურსო კომისიის წევრია.
აღნიშნულ პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობებზე და ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ,სახელმწიფოს მხრიდან სტიპენდიის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება და მიღებული ცოდნის სამშობლოში რეალიზება. სამინისტროს ხედვის შესაბამისად, ცენტრის წარმატებული სტიპენდიატებისა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ახალგაზრდების ცოდნისა თუ პოტენციალის გამოყენება, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, აუცილებელი და საშური საქმეა. ამასთან, მნიშვნელოვანია სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროფესიების დაფინანსების პროცესში რეგიონების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინება.
შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაციის გაზიარების პარალელურად, განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს რეგიონებში კადრების მომზადების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და გამოთქვეს მზაობა, რომ თავის მხრივ, ხელი შეუწყონ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობას სასტიპენდიო პროგრამებში.