2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიმონ გულედანმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. ,,გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, რასაც სტუდენტობა ჰქვია. თქვენ ის ახალგაზრდები ხართ, რომლებმაც უკვე კარგად იცით, რომ მიზანმიმართულობასა და შრომისმოყვარეობას სასურველი შედეგი მოაქვს. სწორედ თქვენი შრომის შედეგია, რომ 100% გრანტის მფლობელები ხართ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, ახალი გამოცდილებები და შესაძლებლობები გაქვთ. ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თქვენი იდეებისა და ინიციატივების ჩვენთვის გაზიარება მნიშვნელოვანი და ფასეულია. ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენთან მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის."-აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.