პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 მარტი 2023
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მედიის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად სექტორთა შორის თანამშრომლობა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად გაუძღვა.
პროექტს „ისწავლე დასაქმებისთვის!“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.