Logo

მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

23 მარტი 2023

შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ტანას შენაკადებში აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს.
 
დათევზიანების პროცესს სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდნენ.
 
მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარ საქმიანობას, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.