შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერს პეტრა მოიზისოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. გასულ წელს კი შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების განვითარების გზებზე. როგორც მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლს კარგი ტურისტული პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობები აქვს და მნიშნელოვანი იქნება ამ მხრივ მხარდაჭერა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და კასპის მუნიციპალიტეტში თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.
ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნაება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.