ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო
11 აპრილი 2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ხაშურის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციების დელეგაციები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა
„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
,, გასული წლის დეკემბერი ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ხაშურის მუნიცპალიტეტში უკვე დავიწყეთ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირსა და სახელმწიფოს, იმ უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის რასაც ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის აკეთებენ. აღვნიშნავ, რომ ადგილობრივებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ანალოგიც ხაშურში არ ყოფილა. პროექტის დასრულების შედეგად კი ადგილობრივები 24 საათიანი და რაც მთავარია, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. უწყვეტი წყალმომარაგება ექნება ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობასაც. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს.