კასპის მუნიციპალიტეტში მარწყვის ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა
03 მაისი 2023
სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სოფლის განვითარების სააგენტო სესხის 11 % -ს აფინანსებს. მეურნეობაში, წლიურად, 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.
სასათბურე მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მადლიერი“ საკუთრებაა. კოოპერატივის ხელმძღვანელის გიორგი თავაძის განცხადებით, სოფლის განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გარეშე სასათბურე მეურნეობის მოწყობას ვერ შეძლებდა.
,,სოფლის მეურნეობას შიდა ქართლის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ყოველწლიურად აქტიურად შენდება სხვადასხვა კულტურები და მათ შორის სასათბურე მეურნეობები. უნდა აღინიშნოს, რომ მეურნეობაში 200-300 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი, გარდა ამისა შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და სათბურში ადგილობრივები არიან დასაქმებულები, როგორც მუდმივად, ასევე სეზონურად. სახელმწიფო პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებს, შექმნან თანამედროვე სტანდარტების მეურნეობები და ამასთან ერთად, აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია.“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ასეთ თანამედროვე სტანდარტების მეურნეობის გაშენებას ვერ შევძლებდით. სასათბურე მეურნეობაში მოსავლის აღება 12 თვის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება და მარწყვის რეალიზაცია შესაძლებელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი თავაძემ.
აღსანიშნავია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაიცა 143 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 23,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, სასათბურე მეურნეობების განვითარების მიზნობრიობით 153 ბენეფიციარზე გაცემულია 13,9 მლნ ლარის ღირებულების 198 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აღემატება.