Logo

მიხეილ შაყულაშვილმა ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადისს უმასპინძლა

19 ივლისი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადისს რწმუნებულის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრას, ასევე, ისრაელის საელჩოს ,,მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელი, ,,შალომ კლუბ შიდა ქართლის" აღმასრულებელი დირექტორი და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს. ,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა გიმასპინძლოთ შიდა ქართლის რეგიონში. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია ისრაელის დელეგაციის სტუმრობა ჩვენს მხარეში. ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი სურვილია კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობა ყველა აღნიშნული მიმართულებით.”- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. სახელმწიფო რწმუნებულმა სტუმრებს შიდა ქართლის რეგიონის სპეციფიკის, ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტული სფეროების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ისრაელის ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა საერთო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამასთან ერთად, შეხვედრისას ,,მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჟღენტმა ვრცლად ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ.  კერძოდ, ხაზი გაუსვა ებრაული გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ,,მაშავის“ მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო პროგრამებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ძირითად მისიას ისრაელის საელჩოს მიერ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრის ბოლოს  მხარეები კიდევ უფრო მჭირდო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა და ისრაელის ელჩმა გორში, სამხედრო დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ასევე, ესტუმრნენ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც იქ წარმოდგენილ ექსპონატებს გაეცნენ.  

გარდა ამისა, ისრაელის ელჩმა სურამში ებრაული სინაგოგა მოინახულა და შეხვედრა გამართა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. შეხვედრას სურამში ებრაული თემის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ,,მაშავის“ პროგრამის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.