Logo

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა

08 აგვისტო 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების სახელობის მემორიალები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
 
,, 15 წლის წინ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმძიმესი მოვლენა, რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა და შედეგად საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამ ომს ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა. არაერთ ჩვენს მოქალაქეს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება მოუხდა და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ომის დაღი განსაკუთრებით შიდა ქართლს ამჩნევია, რომელსაც საოკუპაციო ხაზი ჰყოფს, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ეზოებს, სადაც დღესდღეობით მავთულხლართებია გავლებული. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად.
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ფასდაუდებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ ქვეყნის გამთლიანებისა და ჩვენი მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების საწინდარია. მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენს მიზანს მივაღწევთ, გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.