Logo

კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშრებით გორში საჯარო განხილვა გაიმართა

07 დეკემბერი 2023

კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია ქალაქ გორში გაიმართა. კლიმატის ცვლილების კანონის ,,თეთრი წიგნი" მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. ,,თეთრი წიგნის" მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
 
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და რწმუნებულის ადმინისტრაციაში აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე დაესწრნენ.
 
ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნა და შეხვედრის მიზნის შესახებ ვრცლად ისაუბრა. საჯარო განხილვაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
კონსულტაციაში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.