შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2023 წელი შეაჯამეს
29 დეკემბერი 2023
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რწმუნებულის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე რწმუნებულმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლების მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელდა და ისიც აღნიშნა, რომ განხორციელებული პროექტების მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონი საქართველოს მასშტაბით მოწინავეა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა 2023 წლის მიღწევებს და შეკრებილებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
მოგვიანებით კი რწმუნებულის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად განვლილი ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი საქმიანობის სანიმუშო შესრულებისთვის 42 საჯარო მოხელე დააჯილდოვა, რომლებიც თავის მხრივ მათსავე კოლეგების გადაწყვეტილებით შეირჩნენ.
,,მადლობას გიხდით თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად ემსახურებით ჩვენი რეგიონის განვითარებასა და ზოგადად, სახელმწიფოს. უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი მოსახლეობის წინაშე. თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, შეგიქმნათ სათანადო სამუშაო პირობები, გქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და რაც მთავარია, თქვენი შრომა იყოს დაფასებული. მინდა თითოეულ თქვენგან გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის. წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა თუ სამუშაოა, რომელსაც ერთიანი ძალებით ერთობლივად განვახორციელებთ.“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
საჯარო მოხელეები სამხარეო ადმინისტრაციის, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოების უწყების თითოეული სამსახურიდან დაჯილდოვდნენ.