ლევანს ხარაბაძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა
27 მარტი 2024
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები, სიმონ გულედანი და თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღანელი საელჩოში იანა ზელინგეროვა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ჩეხეთს საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულმა ჩეხეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან ხარაბაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო ინტერესებზე მორგებული და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას.
,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა გიმასპინძლოთ შიდა ქართლის რეგიონში. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია ჩეხეთის დელეგაციის სტუმრობა ჩვენს მხარეში. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი სურვილია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორობა ბევრი სასიკეთო სიახლის მომტანი იქნება ადგილობრივებისთვისა და ასევე, ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების მხრივ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, წევრობამდე კი წინ არაერთი გამოწვევაა და ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
ელჩმა კუბერნატმა მადლობა გადაუხადა შიდა ქართლის რწმუნებულს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა დაცული ტერიტორიების საკითხებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. გასულ წელს შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორია შეიქმნა, რომლის განვითარებაშიც ჩეხეთის მხარე აქტიურად იქნება ჩართული.