Logo

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

25 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
 
კერძოდ, გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს, გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, პროექტი ითვალისწინებს 1033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები და რეკრეაციული ზონა.
 
გარდა ამისა, სოფელ ხიდისთავის ერთ - ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 კმ.-მე გზა და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
 
რწმუნებულის თქმით, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ,,ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გადაადგილდნენ კომფორტულად და უსაფრთხოდ. სამუშაოები მიმდინარეობს ვადების გათვალისწინებით და მალე ადგილობრივები გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.“ - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.