Logo

შიდა ქართლში FAO მორიგ ახალ პროექტს იწყებს

03 ივლისი 2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შიდა ქართლის რეგიონში ახალი პროექტის განხორცელებას იწყებს.
შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და პროექტის ხელმძღვანელი სტეფანო მუსსი დაეწრნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და FAO-სა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ახალი პროექტის განხორციელება კასპის მუნიციპალიტეტში იგეგმა, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერების ცოდნის ამაღლება, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქება და დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, გასულ წლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით FAO-სა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ატენისა და ფლევის თემებში განხორციელდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, თემისთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს, საჭიროებაზე მორგებული იყო . ,,ჩვენ უკვე გვაქვს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და მოხარული ვარ, რომ შემდგომი პროექტის განხორციელების სამიზნე რეგიონი კვლავ შიდა ქართლია. ჩვენ მზად ვართ, მჭირდო თანამშრომლობისთვის და სამუშაო პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულობისთვის“. - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, პროექტის პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.