გორში საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნა
24 ივნისი 2024
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024-ს“ ფარგლებში, გორში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა, ღონისძიება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, სეოკ-ის, ბაკურიანი-2025- ის, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სპორტსმენებმა, ადგილობრვი თვითმმართველობის თანამშრომლებმა და მაცხოვრებლებმა და ასევე, საქართველოში საფრანგენთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცათ შესაბამისი პრიზები, ასევე გარბენის ყველა მონაწილემ მიიღო სპეციალური მაისური და მონაწილეობის სერტიფიკატი. პირველ გამარჯვებულ სამეულს კი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებაზე 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,
მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში. გასულ წელს თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტების, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის, კომპანია ,,ავერსისა“ და ,,თელიანი ველის“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.