ლევან ხარაბაძე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „მაჩაბელი“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
18 ივლისი 2024
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,მაჩაბელი“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროსაც მოწვეული სტუმრები მასტერკლასებს, გამოფენებსა და ღია ლექციებს ჩაატარებენ. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფილმების ჩვენება. ღონისძიებაში ხელოვანები 4 ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას.
პროექტის მიზანია ფოტოგრაფიით, ფოტოხელოვნებითა და ხელოვნების სხვა დარგებით დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობა და მათთვის გამოცდილების გაზიარება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამარჯვებული პროექტია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება.
ღონისძიებას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ გზავნილია „ხელოვანები მშვიდობისათვის“ და მიზნად ისახავს ხელოვნების როლის წარმოჩენასა და ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას.