გორის მე-12 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
16 სექტემბერი 2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ გორის ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
სკოლა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა.
გორის მე-12 საჯარო სკოლის შენობა 750 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 100 000 ლარზე მეტია. რეაბილიტაციის შემდგომ სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ.