Logo

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

11 სექტემბერი 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი საბრუნავი საშუალებებისთვის ამოქმედდა.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიურ ბაღიც დაათვალიერა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ფერმერმა ტარიელ მუნჯიშვილმა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფოს პროგრამების ფარგლებში 3 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა რისთვისაც სახელმწიფოსგან გრანტის სახით 30,000 ლარი მიიღო. ფერმერი წელს მისი ბაღიდან 60 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.
კომპანია „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. ხილის გადამმუშავებელი საწარმო სარგებლობს სახელმწიფოს დახმარებით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში მიღებული აქვს 9 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხი. კომპანიას დღიურად 150 ტონა ვაშლის მიღება - გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, საწარმოში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებიდან მიღებული კონცენტრატის ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს.