Logo

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა

08 აგვისტო 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან, რწმუნებულის მოადგილესთან თემუ ხუბულურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვილი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების სახელობის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
 
,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმძიმესი მოვლენაა, შედეგად საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამ ომს ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სამშობლოს თავისუფლების დასაცავად სიცოცხლე არ დაიშურეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის. მჯერა, ძალიან მალე ჩვენს მიზანს მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო."- აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.