საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში ,,თბილისობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, ტრადიციულად, შიდა ქართლის რეგიონიც შეუერთდა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი და ნაკეთობები, მოეწყო მეთუნეობის მასტერკლასი, ასევე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა თონეში ნაზუქი ცხობის პროცესი და დაეგემოვნებინა ქართლის მარნების ღვინოები. გარდა ამისა, მოეწყო საჭიდაო მოედანი, სადაც სპორტსმენები დაინტერესებულ სტუმრებს ჭიდაობის ტექნიკებს აცნობდნენ.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია დაესწრო. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აპარატის ხელმძღვანელმა ქეთევან ციმაკურიძემ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ზვიად გოგუაძესთან ერთად სტუმრებს შიდა ქართლის კუთხეში უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მესამე წელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლები ადგილზე მისულ სტუმრებს მათთვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და კულტურას აცნობენ. ეწყობა ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი სამზარეულოს, ღვინის კუთხეებისა და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები.