2024 წლის საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელთან რწმუნებულის ადმინისტრაციაში საიფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას, აღწერის ეტაპებსა და ზოგადად, მის მნიშვნელობას.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელიც 14 ნოემბრიდან დაიწყო, მოსახლეობის თვითრეგისტრაციას ითვალისწინებს. ეს ეტაპი მოსახლეობას საშუალებას მისცემს თავად შეავსონ კითხვარი, რომელიც აღწერისთვის საჭირო ინფორმაციას მოიცავს. მეორე ეტაპი კი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული 11 000 - მდე ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული პლანშეტებისა და სპეციალურად მომზადებული კითხვარის მეშვეობით კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავს მოსახლეობას. აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია.
როგორც შეხვედრისას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროცესში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლევან ხარაბაძის თქმით, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის მერიები კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ აღნიშნულ პროცესს.