Logo

სამთავრობო ინიციატივის ,,აწარმოე საქართველოში’’ ახალი კომპონენტის ‘’მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში’’ პრეზენტაცია გაიმართა

20 ოქტომბერი 2014

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი განკუთვნილია იმისათვის, რომ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის მოხდეს სპეციალური დაფინანსება და რეგიონში განვითარდეს მიკრომეწარმეობა, მცირე საწარმოები. მინისტრის განმარტებით, პროექტი შედგება ორი ფაზისგან, კერძოდ ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება რეგიონების მოსახლეობის სწავლება-ტრენინგი, ასევე მცირე მეწარმეების, ხოლო შემდეგ სპეციალურად შერჩეული კომპანიები მოახდენენ ამ დაფინანსების განაწილებას და მონიტორინგს. ,,დღეს უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, ხოლო დღევანდელი გამოწვევა არის ის, რომ გვაქვს ძალიან დიდი დისპროპორცია საქართველოში ქალაქებსა და რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობაში მათი ცხოვრების დონით. ამიტომ დღევანდელი გამოწვევის გამკლავებისთვის აუცილებელია ეს პროგრამა. შემდგომში სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ეფექტიანობა უფრო გაიზრდება და პარალელურად შეიქმნება უფრო დიდი ზომის საწარმოები,’’ - განაცხადა კვირიკაშვილმა. ვიცე პრემიერის თქმით, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ტურიზმი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ერთბაშად ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე დღევანდელი გამოწვევების გასამკლავებლად აუცილებელია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართვა მცირე მეწარმეობაში, რასაც სახელმწიფო უკვე აკეთებს.რაც შეეხება პროგრამას ‘’მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას საქართველოში,’’ პროგრამისჯამური ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამა 26 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტი ამოქმედდება პირველი ნოემბრიდან. თანამონაწილეობრივი მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსება-ფინანსური კომპონენტი, დამწყებ მეწარმეზე იქნება მაქსიმალური 5 000 ლარი, ხოლო მეწარმეთა ჯგუფში-მაქსიმალური 15 000 ლარი. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და ხელისუფლებისსხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზოგადად ამ პროექტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, ხოლო პროექტის დეტალებზე - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.