Logo

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

09 დეკემბერი 2014

ცენტრი სოფელ მეჯვრისხევის 300 მდე ადამიანს მოემსახურება. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მეჯვრისხევის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები-თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც. მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მე-16 ცენტრია. საზოგადოების ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტების ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.