19 დეკემბერი 2014
პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და ხელისუფლების სხვა წევრებიც დაესწრნენ. დევნილთა პროგრამა IV წარმოადგენს ევროკავშირის ინსტრუმენტს, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა დევნილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირი დევნილთა დახმარების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. ,,სამინისტროში ევროკავშირის დაფინანსებითა და დახმარებით ხორციელდება დევნილთა დახმარების პროგრამა 4, ეს უკვე ნიშნავს რომ მეოთხე ფაზაა და ეს პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ანალიტიკური სამსახურის შექმნა სამინისტროში, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა საჭიროებები გვაქვს, ეს არის დახმარება დევნილებისათვის საარსებო წყაროების უზრუნველყოფაში, რომ დევნილები მუდმივად სახელმწიფოს დახმარების შემყურე კი არ იყვნენ, არამედ თავად ჰქონდეთ შემოსავალი. ამ მიზნით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდული პირი სამინისტროში და მას ეხმარება ევროკავშირის ეს პროექტი. კიდევ ერთი მიმართულება ეს არის ინფორმაციის სწორად და ზუსტად მიწოდება, როგორც დევნილებისათვის, ისე საერთოდ საზოგადოებისათვის“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანიშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი 20 წელზე მეტია ქართულ მხარეს დევნილებთან დაკავშირებით დახმარებას უწევს. ,,ეს არის ძალიან დროული პროგრამა, რითაც ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, უკვე 20 წელზე მეტია ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უწევს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ჩვენი დახმარება მიმართული იყო გადაუდებელ საჭიროებებზე, შემდეგი ჩვენი ძირითადი ორიენტაცია გადავიდა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასა და მათი გრძელვადიანი განსახლების პრობლემების მოგვარებაზე. დევნილთა პროგრამა ოთხს პირდაპირი კავშირი აქვს იმ ღირებულებებთან, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ეკისრება, რომლის რატიფიცირებაც გუშინ მოხდა,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. მომდევნო 16 თვის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები აქტიურად ითანამშრომლებენ სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან და გააძლიერებენ სამინისტროს შიდა რესურსებს დევნილთა მომსახურების კუთხით. სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად ამ პროექტის მიზანია დაეხმაროს სამინისტროს, რათა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი ტექნიკური თვალსაზრისით დაიხვეწოს და ხელმისაწვდომი გახდეს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა.