26 დეკემბერი 2014
ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს, რის შემდეგაც გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი დაათვალიერეს და გაზქურა აანთეს. სოფელი დვანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 10 მეტრის დაბალი წნევის გაზსადენი, თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც დვანში მცხოვრები 380 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. პროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლები, ცერონისი, ჭვირნისი, კოდა, გულიკაანთ უბანი, ატოცი და აბანო. სულ გაზიფიცირდება 1 802 კომლი, სამუშაოებზე დაიხარჯება 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში, სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13, 000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.