17 იანვარი 2015
,, 7 თვის თავზე ჩვენ შევძელით სოლიდარობის ფონდში მობილიზება გაგვეკეთებინა 1, 701, 000 ლარისათვის, რაც დაახლოებით 40 ათასი საჯარო მოხელის დონაციას გულისხმობს, სახელმწიფო სტრუქტურისა და 14 კერძო კომპანიის პარტნიორობის მეშვეობით. ეს ციფრები არაფერს ნიშნავს იმ შედეგებთან შედარებით, რომელსაც მივაღწიეთ ამ 7 თვის მანძილზე. ეს გახლავთ 58 ბავშვისთვის დაფინანსებული მკურნალობა და მათი ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად. ვფიქრობ, სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდით დგომა ბევრ პრობლემას გადაგვიჭრის’’ - აღნიშნა ნინო კობახიძემ მან მადლობა გადაუხადა როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე საბანკო სექტორსა და კერძო კომპანიებს ‘’სოლიდარობის ფონდის’’ მხარდაჭერისთვის. ნინო კობახიძის განცხადებით, ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა და საზოგადოების მიერ გაღებული ყოველი თეთრი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხმარდება. ‘’საქართველოს სოლიდარობის ფონდის’’ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გასული წლის ივნისის თვეში დაფუძნდა. ‘’პრემიერ-მინისტრმა პირადად გადაუხადა მადლობა 40 000-ს საჯარო მოხელეს. მათ პირადი ელექტრონული ფოსტით მოუვიდათ პრემიერის მადლობა, რაც არის ერთგვარი სტიმული ამ ადამიანებისთვის,’’ - დასძინა კობახიძემ. ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები. ,,საქართველოს სოლიდარობის ფონდის’’საქმიანობის აქტიური მხარდაჭერისათვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ ყოველთვიურ დონაციაში თანამშრომელთა სრული ჩართულობისათვის მადლობის სერტიფიკატი მიიღო.