04 თებერვალი 2015
2014 წლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება საგზაო სექტორში ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის პროექტებია. გასულ წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დამატებით 40 კილომეტრი ახალი გზა გაიხსნა (ქუთაისის შემოვლითი გზა 32 კმ. და რუისი–აგარის 8კმ–იანი მონაკვეთი). რაც 2013 წელთან შედარებით 24.6 კმ–ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით კი 38.5 კმ–ით მეტია. გასულ წელს ჩქაროსნული გზატკეცილის სამშენებლო აქტივობა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე, ჯამში 131 კმ გზაზე მიმდინარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 265 კილომეტრიან მონაკვეთზე, მათ შორის ტურისტულ ობიექტებთან და ტაძრებთან მისასვლელ გზებზე განხორციელდა. კაპიტალურად შეკეთდა 42 სახიდე გადასასვლელი, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი 11 ახალი ხიდი აშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს. საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთებისა და ზამთარში გზის მოვლა–შენახვის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 36.7 მლნ. ლარი დაიხარჯა. 2014 წელს ნაპირდაცვითი ღონისძიებები გატარდა 26 ობიექტზე . 31 ობიექტზე კი სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათი შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის ღონისძიებები განხორციელდა, რომლისთვისაც 9 მლნ. 179 ათასი ლარი დაიხარჯა. ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, დონორი ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.