05 თებერვალი 2015
პრემიერ-მინისტრმა, ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. სოფელი ვაკე, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ქვემოჭალის თემის სოფლების: ვაკე, გორაკასა და ახალშენის სრული გაზიფიცირებისთვის აშენდა 10 692 მეტრის საშუალო წნევის გაზსადენი. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ქვემოჭალის თემში მცხოვრები 162 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. პროექტის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზარდიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი. სოფლების გაზიფიცირებისათვის აშენდა 36 202 მეტრი საშუალო წნევის გაზსადენი და ბუნებრივი აირის მისაღებად 648 ოჯახში უკვე დამონტაჟდა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.