19 თებერვალი 2015
,,ქალაქ გორის მერის უფლებამოსილების განხორციელებას გასული წლის 2 აგვისტოდან შევუდექი. დროა წარმოგიდგინოთ ანგარიში განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს იქნება იდეალური ნამუშევარი, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით, კომენტარებს გააკეთებთ და კრიტიკულ შენიშვნებსაც გამოთქვამთ. მხოლოდ ეს წაადგება საერთო საქმეს და ამისთვის მოგიწვიეთ კიდეც აქ.“ - ამ სიტყვებით გახსნა პრეზენტაცია ზურაბ ჯირკველიშვილმა. პრეზენტაციის პირველი ნაწილი უშუალოდ ანგარიშის წარდგენას დაეთმო, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქალაქის თავკაცმა ამომწურავად უპასუხა კითხვებს ბარაკების ტიპის დასახლებების ლეგალიზაციის, საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დევნილების გაყვანის, ბაზრის მოვაჭრეთა მოთხოვნების, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისა და მოსახლეობისათვის საჭირბოროტო სხვა თემებთან დაკაშირებით. ,,ჩვენ არ ვართ განებივრებული ხელისუფლების ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით, რასაც ამგვარი დეტალური ანგარიშის წარდგენა ჰქვია. ჩვენი აზრით, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია“- განაცხადა ,,გორის საზოგადოებრივი დარბაზის“ სპიკერმა თამაზ მაყაშვილმა. მან საზოგადოებრივი დარბაზის სახელით სხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად სარეკრეაციო ზონებში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობებისა და ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიის შესახებაც ისაუბრა და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის მერისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა. მერის განმარტებით, აღნიშნული საკითხების მოგვარებაში გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა თავის დროზე ქალაქის მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად გაყიდული მიწები, რომლებიც ახლა კერძო საკუთრებაა. ცივილურ სახელმწიფოში კი კერძო საკუთრების ხელყოფა დიდი დანაშაულია და ამის პრეცედენტის დაშვება არ უნდა მოხდეს. ზურაბ ჯირკველიშვილმა მსგავსი პრობლემების მოგვარების გზად დასახა საზოგადოების აქტიურობა და გამოთქვა მზადყოფნა საზოგადოების სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი მწვავე საკითხის საჯარო განხილვასა და კანონიერი გზით გადაწყვეტაში.