21 თებერვალი 2015
,,პროექტი მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. ის ითვალისწინებს ორ კომპონენტს -ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, ხოლო მეორე -სანერგე მეურნეობის მოწყობა. გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის საქსპორტო პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის შესაძლებლობები ჩნდება იმისათვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე, ‘’- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას, რომელსაც მათ მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაუწევს. მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ გატარებული აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა 105 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა და გაფართოვდა 580-ზე მეტი საწარმო. ახალი პროექტის დეტალები მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააცნო. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც. პროექტის ,,დანერგე მომავალი’’ განხორციელებისათვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ( თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით.