Logo

შიდა ქართლში პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ ფარგლებში 8 განაცხადი დამტკიცდა

30 აპრილი 2015

გიორგი მამესწარაშვილი ერთ–ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც პროგრამაში ,,დანერგე მომავალი’’ ჩაერთო და 15 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 88 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. შიდა ქართლში, ქარელსა და გორში 61.94 ჰა მიწის ფართობზე მაისის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ბენეფიციარებმა ჯამში 450, 924 ლარის დაფინანსება მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: · ბაღის გაშენების შემთხვევაში–ნერგების ღირებულების 70%–ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%–ს; · სანერგე მეურნეობის შემთხვევაში –მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%–ს. პროექტის ,,დანერგე მომავალი’’ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 –1 200 ჰა–ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30–40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ–ჩანაცვლების, ხოლო, მეორეს მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.