09 სექტემბერი 2015
ზურაბ რუსიშვილის განცხადება ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ტელეკომპანია ,,თრიალეთმა“ უსამართლო ბრალდებებისა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანისთვის საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ თავის ვებ გვერდზე 2015 წლის 27 მარტს გამოქვეყნებული მასალები, სადაც საუბარი იყო ჩემს თითქოსდა ბიზნესინტერესებზე და დაასკვნა, რომ ტელეკომპანიამ არ დაიცვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მედიასაშუალებები გათავისუფლდნენ სახელისუფლებო წნეხისგან, რაც პოზიტიურად აისახა ბოლო დროს თავისუფალ მედიაგარემოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საერთაშორსო რეიტინგებზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის მდგომარება საგრძნობლადაა გაუმჯობესებული. სამწუხაროდ, მედიის თავისუფლება ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის“ არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის ტირაჟირებასთანაა გაიგივებული. სწორედ ამის დასტურია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნა, რომელმაც ნათელი გახადა აღნიშნული ტელეკომპანიის მუშაობის სტილი და „თრიალეთი“-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მედიასტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ტელეკომპანია ,,თრიალეთს“ ბოდიშის მოხდის გარდა, ასევე მოვუწოდებ უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სწორი და დადასტურებული ინფორმაციის მიწოდება“. გუბერნატორის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა ობიექტურ და ეთიკურ მედიასაშუალებასთან.